სროლა იყო თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. დაჭრილია ერთი ადამიანი. 47 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური.
დაჭრილი მამაკაცი ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად კი გადაყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექიმის თქმით, დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გადაუდებელ დეპარტამენტს 9 ივნისს მომართა 47 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი ჭრილობებით. პირველადი დამუშავების შემდეგ, აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, შემდეგ გადაყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, სადაც არის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა საყურადღებო. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, – განაცხადა ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან არაბიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.