თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
„შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე.
მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.