თბილისში, დაკეტილ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილიდან გაზი ჟონავდა, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა იმავე კორპუსში რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას 25-ში მდებარე ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილიდან გაზი ჟონავდა.
როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აცხადებენ, კომპანიის სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაციის დაგროვება გამოიწვია შიდა გაყვანილობის თვითნებურად და კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებამ.
როგორც „ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი და გადაკეცილი ჰქონდა მავთულით, საიდანაც გაზი ჟონავდა. მათივე ცნობით, კომპანიის სპეციალისტებმა აღნიშნული ბინა 2018 წლის 19 ივნისსაც შეამოწმეს და ბინის მეპატრონეს დარღვევების გამო, გაზმომარაგება შეუწყვიტეს. ამის მიუხედავად, ბინის მეპატრონემ ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა.
„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსში თანამშრომლებმა კიდევ რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინეს და კორპუსში მცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.