თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ო., წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული შ.ხ. და ასევე ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისში ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა.
სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.