თბილისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩის კვეთაზე მოპედისა და „ბეემვეს” მარკის ავტომობილი დაეჯახნენ. დაშავებულია მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძიმე დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
„25 წლის მამაკაცს აღენიშნება ქალა-ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტი შემოყვანისას იყო კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი და დაკვირვება. მისი მდგომარეობა არის მძიმე და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“,- განაცხადა ექიმმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.