თბილისში, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
თბილისში ამერიკის საელჩოს ალუმნი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და პროგრამის მონაწილე მასწავლებლები.
ღონისძიების ფარგლებში 10-თვიანი პროგრამა შეაჯამეს. პროექტი 2020 წლის სექტემბრიდან აქტიურად მიმდინარეობდა ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში და ხდებოდა მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარება და დისტანციური სწავლების ხელშეწყობა. პროექტის მიზანია სკოლის მასწავლებლების უნარების გაძლიერება, საკლასო გარემოს მოდერნიზება და მოსწავლის საჭიროებებზე მორგება. პროექტის ფარგლებში შერჩეულმა 30-მა მასწავლებელმა რვა სასწავლო მოდულის ფარგლებში ელექტრონული უნარები განავითარა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, აღვნიშნო პროექტი, რომელიც 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის სახელწოდებაა „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“, რომელიც ემსახურებოდა სასწავლო მეთოდების მოდერნიზებას და ეს გახლავთ ნაწილი იმ მილიონნახევრიანი პროგრამირებისა, რასაც საელჩო ახორციელებს ალუმნი პროგრამის ფარგლებში. 300 პროექტი განხორციელდა ამ პროგრამის ფარგლებში. ეს პროექტი მიმდინარეობდა ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში და მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეძინათ ახალი უნარები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეგნანმა.