თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ [ფოტო]
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან და 29 წლის წინ მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ.
მემორიალი ყვავილებით შეამკეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულმა ფრთამ.
პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
„თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რაც ჩაიდინა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოქალაქეები ფაქტობრივად დაგვიხოცა. რუსეთის იმპერია აგრძელებს საქართველოს ანექსიას და ოკუპაციას. ეს ტრაგიკული დღე უკავშირდება იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.