თბილისსა და იმერეთში ბოლო დღეებში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტებზე 7 პირია დაკავებული
თბილისსა და იმერეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე, სულ 7 პირია დაკავებული, -ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გახსნილია ბოლო პერიოდში თბილისში მომხდარი ყაჩაღობის გახმაურებული ფაქტები
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში, აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების ორი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გახსნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიც, რომელიც თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. ბრალდებული მიმდინარე წლის 14 თებერვალს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ჭელიძემ.
ამასთან, მისი განცხადებით, გაიხსნა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტიც. საქმეზე დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი – წარსულში ნასამართლევია.
ჭელიძის განცხადებით, ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.