თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი წელსაც განახლდება
საქართველოს ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, წელსაც განახლდება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 13-14 ივნისს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდება. საქართველოს ცენტრალურ 65 ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად 450-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ამ თანხის განაღდებას ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 20-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან მოახერხებენ. ბიბლიოთეკარებს შეეძლებათ, თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი გამოცემები.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ უახლესი ქართული გამოცემებით წიგნადი ფონდი. მკითხველს კი, მაქსიმალური მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ.
ამასთან, მათივე ცნობით, პროექტი ასევე ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას.
ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.