„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა
„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა

„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, დასრულდა თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლების პროცესი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თითოეულ სკოლას, გადაეცა 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი, რომლითაც, გამომცემლობებისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციებისგან, სასურველი დასახელების წიგნები შეიძინეს. მთლიანობაში, განახლდა 177 სკოლის ბიბლიოთეკა.

„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განახლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია.

„მსგავსი ტიპის აქტივობა, საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებისთვის, წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, რაც ნიშნავს, რომ უამრავ მოსწავლეს არ ჰქონდა წვდომა თანამედროვე ქართულ თუ თარგმნილ ლიტერატურაზე. სკოლების ბიბლიოთეკები განახლდა სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო წიგნებით, ამრიგად, ახალი სასწავლო წელს, მოსწავლეებს, არაერთი ახალი საკითხავი ელით. გარდა ამისა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია გამომცემლობებისთვისაც, რომლებმაც თავიანთი კატალოგებიდან არაერთი წიგნი გაყიდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავამ აღნიშნა, ბიბლიოთეკა სრულიად უნიკალური სივრცეა, რომელიც თანაბრად ემსახურება როგორც მკითხველს, ისე ავტორსა და გამომცემელს, სკოლის ძლიერი, უახლესი წიგნებით შევსებული ბიბლიოთეკა კი, აუცილებელი პირობაა, რომ წიგნი და, ზოგადად, განათლება, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის.

„ვიმედოვნებთ, ახალი წიგნები იქცევა შთაგონების წყაროდ მასწავლებლებისთვისაც, მრავალფეროვანი და თანამედროვე საგაკვეთილო პროცესის წარსამართად. ჩვენთვის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსება, ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ, წლების განმავლობაში, წიგნებით ვამარაგებდით საქართველოს რეგიონალურ ბიბლიოთეკებს. ამ პროექტმა კი, მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ამჯერად, თბილისის უკლებლივ ყველა სკოლის ბიბლიოთეკა უახლესი ლიტერატურით გაგვემდიდრებინა“, – განაცხადა გვანცა ჯობავამ.

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროცესი, 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ჯერზე შეივსო 62 სკოლის ბიბლიოთეკა, მეორე ეტაპმა კი 115 სკოლა მოიცვა. მათ შორის იყო უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, რომელსაც, პროექტის ფარგლებში, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“, ელექტრონულ წიგნებზე უფასო წვდომა გადასცა.

„მთლიანობაში, 177-მა საჯარო სკოლამ, 32 გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციისგან, შეიძინა 159 229 ლარის ღირებულების წიგნები, თითოეული სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო, 75-85 ახალი ქართული თუ უცხოენოვანი გამოცემით. პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკებისთვის, ასევე, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი, სადაც შესულია წიგნების ანოტაცია, კატეგორია, ფასი, გამომცემლობა და სხვა ინფორმაცია.

პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების საქმიანობის ხელშეწყობას. ასევე, სკოლების ბიბლიოთეკების გამდიდრებას ახალი გამოცემებითა და მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომობის ზრდას, მათთვის საინტერესო ლიტერატურაზე.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი