აკაკი წერეთლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გამოფენით „გერმანული ფერადი ენა“ გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გამოფენით „გერმანული ფერადი ენა“ გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის N24-ში მდებარე თბილისის აკაკი წერეთლის სახელობის რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია შარშან, თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით დაიწყო. რეაბილიტირებული სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, განახლებული ბიბლიოთეკის დიზაინის ავტორები ზაზა იაშვილი და სოფიო მაჭავარიანი არიან.

„ფილიალი თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად განახლდა, თუმცა, ამავდროულად, შენარჩუნებულია შენობის ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერის უნიკალური მხატვრობა. ბიბლიოთეკაში გამოყოფილია საბავშვო ზონაც და განახლებულია წიგნადი ფონდი.

რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა გამოფენით – „გერმანული ფერადი ენაა“. გამოფენა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა.

გამოფენა სამასამდე გერმანულენოვან გამოცემას აერთიანებს. მათ შორის არის მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები და დარგობრივი ლიტერატურა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება გერმანული ენის სახელმძღვანელოები, სერია „საუკეთესო გერმანული წიგნები“ (Die schönsten deutschen Bücher) და გერმანული ლიტერატურის ქართული თარგმანები.

სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ელჩის მოადგილე ტანია ჰუთი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი დიტერ შმიდტი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.