თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იხილავს პროკურატურის შუამდგომლობას სამი დაკავებულისა და სამი ძებნილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე.
როგორც პროკურორმა, შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა, ძებნილები საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან.
დაკავებული სამი ბრალდებულიდან ორი, მანუჩარ ზოიძე და ასლან ფუტკარაძე ადვოკატები არიან, რომლებიც აჭარაში მუშაობდნენ. მესამე დაკავებული მეჰმედ ჩითლაქი თურქეთის მოქალაქეა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურორის განცხადებით, ტრანსნაციონალურ დანაშაულზე გამოძიება, ბოლო სამი წელია, მიმდინარეობს და ამ დრომდე პასუხისგებაში აღნიშნულ საქმეზე მიცემული ჰყავთ 22 პირი. ნაწილს უკვე განაჩენები აქვთ გამოტანილი.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატები იცავენ. როგორც მათ განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული საქმის მასალებში არ იკვეთება და აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ.
ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ გახსნეს.