თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოლოგები მუშაობენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის უშვებენ. საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი ყველა პროცესი გადაიდო.
მიზეზად ანონიმურ ზარს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალებაა.
„მოვედი, უნდა მქონოდა სასამართლო პროცესი, მაგრამ მითხრეს, რომ საგანგებო მდგომარეობაა. დღეს ყველა პროცესი გადადებულია, დაკეტილიაო. ვიკითხე მიზეზი და მითხრეს, ანონიმური ზარია შემოსული, რომ შენობაში ბომბიაო, კინოლოგები არიან მოსულები და, აქედან გამომდინარე, ყველა პროცესი გადადებულიაო“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბერუაშვილმა.
ანალოგიური ვითარებაა გორის, ზუგდიდისა და ქუთაისის სასამართლოებში.