პროკურატურამ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 14 თებერვალს ბრალდებულმა ქ. ქუთაისიდან ბუდაპეშტში, ავიაკომპანია WizzAir-ის ცენტრალურ ოფისში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა.

„კერძოდ, მან ავიაკომპანიას აცნობა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში მობრუნდა. ადგილზე განხორციელებული შემოწმების შედეგად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სუს-მა ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ცნობით, აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.