თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ ქმედებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ ქმედებაში ბრალდებული შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, ბრალდებულმა, გიორგი ბიჩელაშვილმა ერთ-ერთ დაზარალებულს დამამცირებელი მოქმედების დროს ფოტოსურათები გადაუღო.
პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ბიჩელაშვილმა მოკლეტარიანი კბილის ჯაგრისით დაზარალებულ მარტიროს მანასიანს იატაკი მოახეხინა. ბრალდების მხარის ინფორმაციითვე, ბიჩელაშვილი ასევე, დაზარალებულებს, სულხანიშვილსა და სეხნიაშვილს სიტყვიერი ბრძანებით, ორი საათის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილს სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით ყაზარმის ტერიტორიას აწმენდინებდა.
ბიჩელაშვილმა ასევე დაზარალებულ არშავირ არუტულიანს სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოკლეტარიანი ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით ყაზარმის ოთახი, საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის სივრცე მოაწმენდინა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დიმიტრი დევდარიანს, პროკურორის თქმით, მან ერთ-ერთ დაზარალებულს – სეხნიაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით მიმართა და უთხრა, რომ მისი საქმე მხოლოდ ხეხვა იყო.
„დევდარიანმა თამაზ სეხნიაშვილს დილიდან საღამომდე, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი ჯარისკაცების თანდასწრებით ახეხინა ყაზარმის ტერიტორია, საპირფარეშოს პირსაბანი იატაკი“, – განაცხადა შუამდგომლობის წარდგენისას საქმის პროკურორმა, ალექსანდრე ჩხეიძემ.
პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. ჩხეიძის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
ჩხაიძის განცხადებით, ბრალდებული დიმიტრი დევდარიანი დაზარალებულ თამაზ სეხნიაშვილს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც რამდენიმეკილოგრამიანი ჯავშანჟილეტით აღჭურვილს უშვებდა. პროკურორის თქმითვე, დაზარალებულმა თვითმკვლელობაზეც იფიქრა.
ამასთან, ბრალდების მხარის წარმომადგენლის ინფორმაციით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქმეში არსებობს 100 მოწმის ჩვენება, ფოტო მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები.
პროკურორმა პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად დაასახელა ბრალდებულების ნაცნობობა მოწმეებთან, რაც მისი თქმით, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ქმნის.
ბიჩელაშვილისა და დევდარიანის ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.