თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის თქმით, სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები იქნება წარმოდგენილი. როგორც დავით ჭიკაიძე ამბობს, ამის შემდეგ სასამართლო ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

„რვა ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაიმართება მთავარი სხდომა, რა დროსაც სასამართლოზე იქნება წარდგენილი დაცვისა და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები. შესავალი სიტყვების წარდგენის შემდეგ სასამართლო იწყებს სასამართლო გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ხდება ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყება. ბრალდების მხარე თავად განსაზღვრავს მტკიცებულებათა თანმიმდევრობას, თუ რომელს გამოიკვლევს და შესაბამისად, მათი მტკიცებულების გამოკვლევის დასრულების შემდეგ მოხდება დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა. სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც გამოეყო ოთხი ბრალდებული პირის მიმართ საქმე, ეს არის 143-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენა, 126-ე მუხლითაა წარდგენილი ბრალდება საბა ჩხარტიშვილისთვის, ასევე 120-ე მუხლით. შესაბამისად ამ ეპიზოდებზე მოხდება განხილვა საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის აღნიშნული ეპიზოდი მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება. ცვლილების მიზეზად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეების მცირე რაოდენობა სახელდება, რის გამოც, თითოეულ მათგანს განსახილველად ბევრი საქმე აწერია. საქმეში თავდაპირველად 11 ბრალდებული ფიგურირებდა, მას შემდეგ კი, რაც სამმა პირმა ნაფიცი მსაჯულები აირჩია, ამ ეპიზოდზე რვა ბრალდებული დარჩა. მათ ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.