თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურია, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო დარბაზში მხოლოდ მხარეები ისხდებიან, თავად ბრალდებული კი, პროცესს დისტანციურად ვიდეოზარის მეშვეობით დაესწრება.
პროცესზე ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს. ისინი ექსპერტ-კრიმინალისტები არიან. გიორგი რურუას ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს. ბრალდების მხარის პოზიციით კი, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც რურუას დანაშაულს ადასტურებს.
„დღეს სხდომაზე პროკურორს გამოძახებული ყავს სამი ექსპერტ-კრიმინალისტი. ესენი არიან ის ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ავტომობილის ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას. აღკვეთის ღონისძების შეცვლაზე აღარ ვაყენებთ შუამდგომლობას, წინაზე დაუსაბუთებელი უარი მივიღეთ და ორი დღის მერე არაფერი შეცვლილა, რომ სხვა გადაწყვეტილება მოვისმინოთ. ჩვენი მიზანი არის სამწუხაროდ არა ის, რომ ამ დარბაზში გადაწყდეს გიორგის თავისუფლების ბედი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ აშკარა გავხადოთ რომ ის უდანაშაულოა. სასიხარულოა, ევროპარლამენტარები საუბრობენ რომ ეს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეა. ასეთი გამოხმაურება იყო სენატორების მხრიდანაც“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.