სასამართლო დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.
ადვოკატის, მუხრან ღურცკაია განცხადებით, საქმის მასალებიდან და დაზარალებული პირებიდან გამომდინარე, სასამართომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოს. ბრალდების მხარე კი სასამართლოს პატიმტობის გამოყენების შუამდგონლობით მიმართავს.
„სრულად გავეცანით მასალებს და დაცვის მხარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საერთოდ აღკვეთის გარეშე უნდა იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფილი დატოვებული, რადგან არც ერთი მტკიცებულება არ არის საქმეში წარმოდგენილი. მასმედიის საშუალებით თქვენ იცით, დაზარალებულების პოზიცია, რომ რეალურად არანაირი ძალადობა არ ყოფილა. იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. გამომდინარე აქედან, მისი პატიმრობაში ყოფნის და ზოგადად დაკავების საფუძველიც არ იყო. დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. ასევე მისი დაკავებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. სასამართლოს ბუნებრივია, აქვს საშუალება, რომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილოს წარმოდგენილი მტკიცებულებიდან და რაც მთავარია, დაზარალებულის პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.