თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შესაძლოა, გიორგი გიორგანაშვილის განაჩენი გამოაცხადოს
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს. საქმის განხილვა უკვე დასრულებულია და დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით უნდა მიმართოს. საქალაქო სასამართლოში პროცესი 14:30 საათზე გაიმართება.
გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება.
მსახიობი ბრალს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა და საპროცესო გარიგებაზეც უარი განაცხადა.
დაცვის მხარე აცხადებდა, რომ 45 აბი ე.წ. სუბუტექსი გიორგანაშვილს სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ის 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისთვის წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.