თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე უმკაცრესი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რადგან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
დაცვის მხარეს, ბრალდებულის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა არ დაუყენებია. გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.
„წლები და მუხლები ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ რამე შეღავათი მქონდეს. პირიქით, გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა განცხადება 8 იანვარს გაავრცელა. უწყების ცნობით, 2023 წლის 8 იანვარს, თბილისში, შსს-ს თანამშრომელმა, გიორგი მღებრიშვილმა, მის საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფი შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ალექსანდრე შეყილაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ალექსანდრე შეყილაძე ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზევე დააკავეს.