თბილისის საქალაქო სასამართლო - ზვიად კუპრავას პატიმრობა გირაოს პირობების დარღვევის გამო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – 5000 ლარის ოდენობით, გირაოს პირობების და კანონის დარღვევის გამო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.
„2019 წლის 19 თებერვალს, ზვიად კუპრავას მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, სასამართლოს ეზოში ცენტრალურ შესასვლელთან ირაკლი ზაქარეიშვილის (ადვოკატი) ცემის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი). ბრალდებულის მიერ დაირღვა მის მიმართ შეფარდებული გირაოს გამოყენების პირობები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.