თბილისის საკრებულოში დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე იმსჯელეს
თბილისის საკრებულოში დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე იმსჯელეს

ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა გვიან ღამემდე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა საკრებულოში. კომისიაზე დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე ექვსი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერიას ურბანულ გენოციდში ადანაშაულებენ. „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, უმრავლესობა არცერთ ექსპერტს არ უსმენს და მაინც ამტკიცებს პროექტებს, რომლებსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

„თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულმა მერმა, კახა კალაძემ თავის თანამზრახველებთან ერთად თბილისს მოუწყო აოხრების კვირეული და გააგრძელა ის ურბანული გენოციდი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ეწეოდა და ეწევა. ჩვენ ვნახეთ, რომ არც ექსპერტების აზრი არ მოისმინეს, არც ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინეს და ყველა ჩვენი არგუმენტების უგულებელყოფით მაინც ხდება ამ პროექტების დამტკიცება, რომლებსაც თბილისისთვის ექნება კატასტროფული შედეგები, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით. ამ პროექტების შედეგებს თითოეული ჩვენგანი და ჩვენი შვილები საკუთარ თავზე გამოვცდით რამდენიმე წელში, როდესაც ეს პროექტები აშენდება და დასრულდება. ეს არის ქალაქის აოხრება, თბილისისთვის მორიგი ბართლომეს ღამე ამ ხელისუფლების ხელით შესრულებული. არავის ეგონოს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე არ იქნება ინდივიდუალური. ყველამ, ვინც მონაწილეობა მიიღო თბილისის აოხრებაში და ამ უპრეცედენტო მასშტაბის დაზიანებაში, უკლებლივ ყველა არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ნელ-ნელა ხდება გაუსაძლისი იმ გარემოს გამო, რომელსაც ეს ხელისუფლება ქმნის“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი თქმით, სხდომაზე ყველა ექსპერტის აზრი მოისმინეს და კენჭისყრის შედეგად ყველა ეს განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოს სხდომაზე გავა.

„საკრებულოს სხდომაზე ჩვენს ოპონენტებს მოყვანილი ჰყავდათ მათი პოზიციის გამზიარებელი ექსპერტები. ჩვენ ყველას მოვუსმინეთ, ყველას აზრი გავიგეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. შედგა განხილვა, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა ის რიტორიკა, რა თქმა უნდა, გააგრძელეს, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. თუმცა ცალსახა არის, რომ განაშენიანების რეგულირების ყველა გეგმა, რომელსაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილული და ნაკლებად – ურბანულ საკითხებთან დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელეთ კომისიაზე და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ დადებითი რეკომენდაცია ხვალ საკრებულოს სხდომაზე გასატანად. ყველა ეს განაშენიანების რეგულირების გეგმა ხვალ გავა საკრებულოს სხდომაზე“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ.