თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს ზურაბ ნეფარიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს ზურაბ ნეფარიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებულ ზ.ნ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ზ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 169-ე მუხლით.

ამასთან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული პირის ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხ თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებს ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს.

ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.