თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა – ტრაგიკული და ამავე დროს გამარჯვების და ერთიანობის დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპულის წინაშე და პატივი მივაგო მათ ხსოვნას. ჩვენ ვალდებული ვართ, მათი სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, 9 აპრილს დაღუპული კიდევ 10 გმირის სახელი მიენიჭება დედაქალაქის ქუჩებს. თბილისის საკრებულომ 9 აპრილის დროს დაღუპულთა სახელობის ქუჩების სახელდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის დედაქალაქის 11 ქუჩა მათ სახელებს უკვე ატარებს. უახლოეს მომავალში კი, თბილისში ამ ტრაგედიის დროს დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.
9 აპრილის მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.