თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობენ, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძე და საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე. სხდომაზე ზარნაძემ ეძგვერაძე გააკრიტიკა, რომელმაც, მისი თქმით, ჭიდაობის დამსახურებულ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს „ზონდერი“ უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება სხდომაზე სწორედ ამ განცხადებებს მოჰყვა.
ხმაური სხდომაზე რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა.
„ემოციაც არის და ემოციაც. გარკვეული პროტესტის გამოხატვაც მინახავს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახეთ, ნამდვილად არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, ირაკლი ეძგვერაძე ახლა არ იმყოფება დარბაზში, ვიდრე არ დაწყნარდება და არ დამშვიდდება, მოუწოდეთ, არ შემოვიდეს. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა მიყენებული. შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას კრიტიკული მოსაზრება უთხრას, მაგრამ ქუჩაში არ ვართ“, – განაცხადა ტყემალაძემ.
მოგვიანებით, საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბორკილები მიიტანეს, რასაც კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართა, რომ ბორკილები მასთან თანაპარტიელმა ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.