თბილისის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე 25 საკითხს განიხილავენ.
დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი ქალაქში მშენებლობების საკითხი იქნება. სხდომაზე ახალი საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცება მოხდება.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ურბანული სამსახური პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ქალაქში ქაოტური განაშენიანება არ მოხდეს.
„მშენებლობებთან დაკავშირებით სხდომაზე დავამტკიცებთ ახალი საქალაქო სამსახურის დებულებას. ურბანული საქალაქო სამსახური პოლიტიკას წარმართავს ქალაქში. ეს სამსახური პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ არ მოხდეს ქაოტური განაშენიანება. ვფიქრობ, რომ მისი ახალი ხელმძღვანელი ამას აუცილებლად მოახერხებს“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
თბილისის საკრებულოს წევრები დღევანდელ სხდომაზე ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურული პროექტის საკითხსაც განიხილავენ.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ინფრასტრუქტურულად გამართვის შემდეგ, ბიბლიოთეკებში ახალი კადრების შერჩევა ტესტირებით მოხდება.
„ეს ბიბლიოთეკები, ინფრასტრუქტურული თუ საკადრო თვალსაზრისით, საკმაოდ გასამართია. შესაბამისად, ამისთვისაც ხდება ეს რეფორმა. როგორც იცით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო სსიპ-ი, რომელიც მართავდა ამ ბიბლიოთეკებს, თუმცა ახლა იქმნება კომერციული იურიდიული პირი, რომელიც მერიას დაექვემდებარება და ტესტირებით მოხდება კადრების შერჩევა. ასევე, ინფრასტრუქტურულად გაიმართება ბიბლიოთეკები. ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურა არ არსებობდა ბიბლიოთეკებში. ბრალდებები, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, რა საკვირველია მოკლებულია ყოველგვარ აზრს“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრს, თემურ გორგაძეს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუჩერდება. თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე ქრთამის აღების ფაქტზე 28 თებერვალს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.