თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გმირ ჯუმბერ ბეთაშვილის და ქართველი სამხედროების ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცათ
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავრობის განკარგულებით, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილის ოჯახს, დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა (2003 წლიდან) სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, საკითხს „ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის შესახებ საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს მხარი.
„მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ“ – ეს იყო, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილი პასუხი შეთავაზებაზე სასწრაფოდ დაეტოვებინა აფხაზი სეპარატისტების, რუსი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების მიერ აღებული სოხუმი. მან პირობა შეასრულა.
ბოლოს, ჯუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავასთან და მის სხვა კოლეგებთან ერთად ნახეს, როდესაც ხელებშეკრული გამოიყვანეს ბოევიკებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან და ცალკე გაიყვანეს. მას შემდეგ 54 წლის ქართველი გმირი აღარავის უნახავს.
ჯუმბერ ბეთაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა, ცხოვრობდა ზემელზე, სწავლობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მისი მეგობრები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი. მამა რკინიგზელი იყო და სამსახურის გამო სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე გახდა ჯუმბერ ბეთაშვილი სოხუმელი. მთელი თავისი ცხოვრება აფხაზეთს დაუკავშირა და ოჯახიც იქ შექმნა. ჯუმბერ ბეთაშვილი – დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, ასევე, საკრებულოს გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავრობის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ და მოქმედ სამხედროებს, მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავის ქონება, სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედროები აღნიშნულ ქონებას 2007-2013 წლებიდან ფლობენ. სულ ასეთი ოჯახების რაოდენობა 54 შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია. საკრებულოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ათი ოჯახი და ეს პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.