საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში ცვლილებების გადახედვას ითხოვს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ თბილისის მერიას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილებების გადახედვას სთხოვს.
ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ სწორედ აღნიშნული ცვლილებების გამო ფერხდება მნიშვნელოვანი სამუშაოები დედაქალაქში.
მათი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანამდე, ამხანაგობებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად განესაზღვრათ კომპანია, რომელიც ამხანაგობის მიერ დაკვეთილ სამუშაოებს შეასრულებდა.
„თბილისის მერიის მიერ წესი ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო შეიცვალა, მოხდა ამ სამუშაოების დაკვეთის ცენტრალიზაცია და დღეს ვხედავთ შედეგს, რომ სამუშაოების უდიდესი ნაწილი არ შესრულებულა, რადგან ცენტრალიზებული წესით გამოცხადებული ტენდერების უმეტესობა იშლება. გამარჯვებული კომპანიები კი, ნეპოტისტური წესით დაკავშირებულია თბილისის მერიასთან, მაგალითად რამდენიმე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფინეზა“, რომლის დამფუძნებლის მეუღლე თბილისის მერიის თანამშრომელია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ჟღენტმა.