თბილისის საკრებულო ხმაურის რეგულაციების აღსრულებაზე და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საკითხზე იმსჯელებს
პირველი ივლისიდან, ხმაურის შესახებ დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დააჯარიმებს. საჯარიმო ოქმის ფორმას დღეს საკრებულო დაამტკიცებს.
საკრებულო დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის მიერ ინიცირებულ რამდენიმე პროექტსაც განიხილავს, მათ შორის იქნება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების და ე.წ. შეჭრილების ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
„მოგეხსენებათ, შსს-დან მუნიციპალიტეტმა წაიღო ხმაურზე ზედამხედველობა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოახდენს ამ სფეროს კონტროლს. სამართლებრივი საფუძველი, რომ ოქმი გამოწეროს, ზედამხედველობის სამსახურს ახლა არ აქვს. დედაქალაქის მთავრობამ შემოიტანა ინიციატივა, რომლითაც დამტკიცდება ოქმის ფორმა, ანუ როგორ უნდა გამოწეროს საჯარიმო ოქმი ზედამხედველობამ. ამას დაამტკიცებს საკრებულო. ასევე, გვექნება ქონებრივი საკითხები მრავლად. არსებობენ კოოპერატიული ბინათმშნებლობით დაზარალებული მოქალაქეები. მერია სთავაზობს ინვესტორებს მიწის ნაკვეთს, რომელზეც ისინი საცხოვრებელ ფართებს ააშენებენ და შემდეგ გარკვეულ ნაწილს გადმოსცემენ მერიას უსასყიდლოდ. სამაგიეროდ, ერთ ლარად იღებენ ამ ქონებას და შემდეგ გადასცემს დაზარალებულებს. ამ გზით დავაკმაყოფილებთ საბინაო სამშენებლო კოოპერატივით დაზარალებულ მოქალაქეებს. ასევე, ბევრი შეჭრილი არის დღეს უძრავ ქონებაში. ისინი 10-15 წლის განმავლობაში ცხოვრობენ იმ ფართებში და მერია რამდენიმე თვეა უკანონებს ფართებს იმ ადამიანებს“, – განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის ბინები 90-იან წლებში გარეუბნებში უნდა აშენებულიყო, ამჟამად კი დაზარალებულთა დაკმაყოფილება ქალაქის ცენტრში არსებული ფართით იგეგმება. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია დააყენებს, მიწისქვეშა პარკირების მშენებლობას შეეხება.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს თანხები თავის დროზე შეტანილი ჰქონდათ ზღვის უბანში, დიდ დიღომში, ასევე ფონიჭალაში და დღეს გადასცემენ ბერიძის # 6-ში, 100-100 კვადრატულს მინიმუმ. ეს არასწორად მიგვაჩნია. აუცილებლად დავაყენებთ პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე ჩავარდა. ჩვენ მუდმივად ვეუბნებოდით მმართველ პარტიას, რომ პირობები არასწორად იყო შედგენილი და ბიზნესისთვის უინტერესო იქნებოდა ეს თემა“, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლილე ლიპარტელიანმა.