თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი კახა კალაძე წარადგენს.
წლევანდელი ბიუჯეტი 2020 წლისთვის მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა. სოციალური საჭიროებისთვის 317 მილიონია გათვალისწინებული, ხოლო 430 მილიონამდე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას. უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, სოციალური მიმართულებით ხარჯები 2020 წლის ბიუჯეტში შემცირებულია. მათივე თქმით, ხარჯები ასევე მცირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დავით ჟღენტის განცხადებით, ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ და პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრებიან.
„2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონკრეტული შენიშვნები. ეს ბიუჯეტი არ ემსახურება თბილისელების მთავარ მოთხოვნას. ჩვენ არაერთხელ გამოგვიხატავს ამ კონკრეტულ ბიუჯეტთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები. რა თქმა უნდა, ჩვენ აღნიშნულ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ. ვართ ბოიკოტის რეჟიმში და მიგვაჩნია, რომ სხდომაზეც მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ“, – განაცხადა დავით ჟღენტმა
ამასთან, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, მათი რეკომენდაციების უმრავლესობა, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია. როგორც გრიგოლია ამბობს, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოა.
„გვქონდა გარკვეული ტიპის რეკომენდაციები ბიუჯეტთან მიმართებაში. ამ რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გათვალისწინებული იყო. მაგალითად, ერთი ის იყო, რომ გაძლიერებულიყო რაიონული გამგეობები და უფრო პერიფერიული უბნებისკენ მიმართულიყო მეტი ინფრასტრუქტურული თანხები, რათა, მაგალითად, გლდანისა და სამგორის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ბიუჯეტი უპრეცედენტოა. ჩვენ დავამტკიცებთ მილიარდ ოც მილიონს, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ველოდებით, რომ წლის განმავლობაში ეს ბიუჯეტი გაიზრდება მილიარდ სამას მილიონამდე, ანუ ბიუჯეტის ხარჯები გაიზრდება მილიარდ სამას მილიონამდე.
რა თქმა უნდა, ისევ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება, ვინაიდან ფინანსური სახსრები გაცილებით მეტი გვაქვს წელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მიმართულება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში ქალაქში შემოვა ორასამდე ავტობუსი, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ჩანაცვლდება ავტობუსების პარკი, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.