გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღემდე ქართულ საქმეს ემსახურება, ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხსა და ქვეყანას სჭირდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104-ე წელს ზეიმობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე საზოგადოებას ამ დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტი დღემდე ქართულ საქმეს ემსახურება და ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხს, ქვეყანას სჭირდება.
„1918 წლის 8 თებერვალს, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებით, ქართულ საზოგადოებაში არა მხოლოდ განათლების უმნიშვნელოვანესი კერა გაჩნდა, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ბევრი სირთულის მიუხედავად, დაარსების პირველი დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ინარჩუნებდა ეროვნულ იდეასა და ღირებულებებს, დღემდე ქართულ საქმეს ემსახურება და ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხსა და ქვეყანას სჭირდება.
სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ყველა უნივერსიტეტელს ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენს დედა უნივერსიტეტს კი უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ“, – აცხადებს გიორგი შარვაშიძე.