„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100 პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები.
ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და ხუთი საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.
„შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო.
ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავის მხრივ, სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. გეგმა საზოგადოებას მომზადებისთანავე წარედგინება.
„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან“ დაკავშირებით ხელშეკრულების შეწყვეტაზე განხილვები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკა რაჭველმა მოითხოვა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს. როგორც მაშინ რაჭველმა განაცხადა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.