თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვისთვის აცრების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულოა
თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციისას მშობლები ვალდებულნი არიან, ჯანმრთელობის ცნობაში, ე.წ. ფორმა ასში, ბავშვის აცრების ისტორიაც მიუთითონ, – ამის შესახებ პირველ არხს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროდან გასულ წელს, წითელას შემთხვევების ზრდის ფონზე მიიღო.
გვანცელაძის თქმით, ასევე სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, ბაგა-ბაღებში მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მშობლებთან, რომლებიც უარს აცხადებენ პატარების აცრაზე. თითოეულ ბაღს ჰყავს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კოორდინატორი, რომელიც ჯანმრთელობის კონტროლს ახორციელებს როგორც აღსაზრდელებში, ისე თანამშრომლებში.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სტატისტიკა, რამდენი აუცრელი ბავშვი ირიცხება საჯარო ბაგა-ბაღებში, სექტემბერში გახდება ცნობილი.
წელს თბილისის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 17 ათას ახალ აღსაზღდელს ელოდებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ქვეყნების ათეულში, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, პირველ ადგილზე არის სერბეთი, მეორეზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველო.