თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ამერიკელი პოეტი ჩარლზ ბერნსტაინი დაესწრება
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ამერიკელი პოეტი ჩარლზ ბერნსტაინი დაესწრება

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ამერიკელი პოეტი და ესეისტი ჩარლზ ბერნსტაინი ეწვევა. ინფორმაციას ბერნსტაინის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. იგი წელს მეოთხედ გაიმართება“, – ნათქვამია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩარლზ ბერნსტაინი ამერიკელი ავტორია, რომლის რეზიუმეც 50-ზე მეტ წიგნს ითვლის. მათ შორის, პოეტური კრებულების, ესეების, პამფლეტების, ლიბრეტოების და სხვა.

ბერნსტაინი ინგლისური ენისა და შედარებითი ლიტერატურის პროფესორია პენსილვანიის უნივერსიტეტში. ის ასევე არის ორგანიზაცია PennSound-ის თანადირექტორი. ამერიკული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სწავლულია. 2015 წელს ჩარლზ ბერნსტაინმა ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო: მიუნსტერის საერთაშორისო პოეზიის პრემია და იანუს პანონიუსის გრან პრი პოეზიაში.

თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 14-დან 19 მაისის ჩათვლით გაიმართება.