თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax-ის რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია
Skytrax World Airport Awards 2023-ზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ – მეათედ, ხოლო ბათუმის მეორედ მოხვდა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები.
„Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიის“ გენერალური მენეჯერი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში თეა ზაქარაძე Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედს შეხვდა.
Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს“, – აღნიშნულია „ტავ ჯორჯიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.