თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა - 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა ცხრიდან თორმეტამდე გაიზარდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა - 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა ცხრიდან თორმეტამდე გაიზარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის შედეგად გაფართოვდა საიმიგრაციო ზონა, სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა – 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შესრულებულ სამუშაოებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან, გივი დავითაშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკვე განხორციელებულ და ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის დასრულების შემდეგაც გაფართოვდება გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი, ასევე მოეწყობა სწრაფი დერეფანი, ე.წ Fast Track-ი, რაც სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებს საშუალებას მისცემს, საჭირო პროცედურები რიგში დგომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ.

„უახლოეს მომავალში დაემტება მე-13 სასაზღვრო ჯიხური, რომელიც სწრაფი დერეფნის – ე.წ Fast Track-ის მგზავრებს მოემსახურება. სწრაფი გასასვლელი სიახლეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რაც დამატებითი კომფორტი იქნება მგზავრებისთვის. პროექტში 2 მილიონ 200 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. გვაქვს სამომავლო გეგმები, ვაგრძელებთ პროექტებს და უახლოეს მომავალში ვაპირებთ მოფრენის ტერმინალის გაფართოებას“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.