თბილისის პროკურატურაში კომპანია „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე იკითხება
თბილისის პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორებს გამოკითხავენ.
საგამოძიებო უწყებაში კომპანია „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე ადვოკატთან ერთად მივიდა.
„შევალ, გავესაუბრები და ვნახავ რა იქნება. იმისთვის, რომ გამოძიება ნორმალურად წარიმართოს, ყველა ინფორმაციას მივაწვდი. ყველაფერს დავასახელებ და ვიტყვი, რაც გამოძიებისთვის საჭიროა“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ კომპანიების ხელმძღვანელები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციებს გამოძიებას დეტალურად გააცნობენ.
„მზადყოფნას გამოთქვამს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს. იქნება საუბარი იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ამ საქმესთან შემხებლობა ჰქონდათ. შესაძლოა, გამოძიებამ დაადგინოს, რომ ეს შემხებლობა არც ისე კანონიერი იყო. ალბათ თქვენ მოისმინეთ იმ ჩანაწერებში, რომ უშუალოდ მოლაპარაკებას აწარმოებდა ლევან ყიფიანი. იმ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, უნდა გამოიკვეთოს, ლევან ყიფიანი ვისი სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის კერძო პირი და არ აქვს ძალაუფლება, რომ არც დავალიანება გადაუვადოს „ომეგა ჯგუფს“ და არც აქციზური მარკები მისცეს. უნდა გამოიკვეთოს ყველა დაინტერესებული პირი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
ამასთან, ხვალ დაგეგმილია ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის გამოკითხვა.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ. ასევე გამოიკითხება ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება.