მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს და საქმიანობის გაგრძელება ბაზრობებსა და ბაზრებში გამოყოფილ სივრცეებში შესთავაზეს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი გიორგი ბებიაშვილი განმარტავს, რომ გარევაჭრობა საკრებულოს დადგენილების შესაბამისად არის აკრძალული.
მისივე თქმით, შესაბამისად, ვაგზლის ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, მათ მიეცათ გარკვეული ვადები, ასევე გაიმართა მოლაპარაკებები დიდუბის გამგეობასა და მიმდებარე ტერიტორიის ბაზრების ადმინისტრაციებს შორის.
„გარემოვაჭრეებს გაუკეთდათ შეთავაზება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობებსა და ბაზრებში განთავსებასთან დაკავშირებით, თუმცა მათ მიერ რიგ შემთხვევაში უარი ითქვა, მხოლოდ გარკვეული გარემოვაჭრეები განთავსდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. როგორც აღვნიშნე, გარევაჭრობა არის აკრძალული საკრებულოს დადგენილების შესაბამისად და ჩვენ მიერ, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ მოხდა მათი მრავალგზის გაფრთხილება, მათ მიეცათ გარკვეული ვადები, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, ან შესულიყვნენ მიმდებარე ბაზრობებსა და ბაზრებში. უარის მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ მათ სურთ ქუჩაში საფეხმავლო ბლიკებზე ვაჭრობა. მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის სხვადასხვა საქალქო სამსახურთან ერთად მოახდინა აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა. იყო ანტისანიტარია, ქუჩაში საგზაო ნაწილზე, საფეხმავლო ბილიკებზე ხდებოდა გარევაჭრობა, სწორედ ამიტომ მოხდა ტერიტორიების გათავისუფლება. მიმდებარე ტერიტორიის ყველა ბაზრობასთან და ბაზრებთან გაიმართა მოლაპარაკებები, შესაბამისად, მათ გამოთქვეს სურვილი, მიეღოთ აღნიშნული გარემოვაჭრეები საშეღავათო პირობებით. საშეღავათო პირობები გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხის არგადახდას“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბებიაშვილმა.
შეგახსენებთ, ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, გარემოვაჭრეებს „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჰქონდათ გადაკეტილი. გარემოვაჭრეების განმარტებით, მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოვაჭრეებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.