თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

ურბანული დაგეგმარებისა და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, გენგეგმის პროექტი სრულყოფილი დოკუმენტია, რომელიც რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად დაიხვეწა.

„თბილისს საკრებულოში ოფიციალური განხილვების შემდეგ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური გეგმა ექნება“, – აღნიშნა სოხაძემ.

რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, მისი თქმით, გენერალურ გეგმაში დეტალურადაა გაწერილი, რა ქმედებები უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტმა ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც არასამშენებლო ზონაში მოყვა და მათი მდგომარეობა გაუარესდა.

„არის რამდენიმე ვარიანტი – ჩანაცვლება, კომპენსაცია და სხვა. რათა არ დაზიანდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესები. ხარვეზი, რაც მუნიციპალიტეტმა აპრილში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს წარუდგინა, დღეს ეს ყველაფერი გენერალური გეგმის პროექტში გაწერილია“,- განაცხადა სოხაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გეგნგეგმაში ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებაა შეთავაზებული. სწორედ ამ დოკუმენტის შემუშავების შემდეგ გაირკვევა, როგორ განვითარება აღნიშნული ტერიტორია.

დოკუმენტს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.