ნოკოლოზ ვაჩეიშვილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს 
ნოკოლოზ ვაჩეიშვილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა და ინფორმაციაა მოცემული.

„გენგეგმის მასალა, რომელიც უნდა იყოს საყრდენი და ოპერირებადი, ყურადღებით დათვალიერების შემდგომ მასში არის ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა, ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა და ინფორმაცია. ეს იქნება კოლაფსი რიგ შემთხვევაში პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის, სანამ არსებული შეცდომები არ გამოსწორდება, მანამ აზრი არ აქვს მსგავსი გენგეგმის მიღებას“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

მისი თქმით, ბევრი გაურკვევლობაა, რომელიც სამომავლოდ დავისა და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიზეზი გახდება.

„ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უფლებრივი ზონირების რუკებში განაშენიანების ნებადართულობა და შეიძლება ზონალურ რუკებში ვნახოთ განაშენიანების აკრძალვა, რომელიც იქნება უპირატესი. ამას ვერავინ გაიგებს და შესაბამისად, სულ იქნება დავა და ქაოსი, სუბიექტურ გადაწყვეტილებამდე საქმის მიყვანა. ასეთი ორმაგობა არ უნდა არსებობდეს დოკუმენტში“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

თბილისის მიწათსარგელობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.