თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა. ამ დროისთვის მგზავრებს გადაადგილება მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ „ვაგზლის მოედნის“ ჩათვლით შეუძლიათ.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოხდა ტექნიკური შეფერხება.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს სამუშაოები და პრობლემის აღმოფხვრისთანავე მოძრაობა აღდგება.
„თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.