თბილისის მერიის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას საკრებულოში მხარი დაუჭირეს
თბილისის მერიის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება – ამ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა.
როგორც საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, ნახევარი მილიონი კი მერიის სარეზერვო ფონდში გადავა.
დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდას მიესალმებიან ოპოზიციაში, თუმცა ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ეს თანხები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით დაიხარჯებოდა. მათ ასევე პრეტენზია აქვთ მერიის სარეზერვო ფონდის ხარჯვის სპეციფიკასთანაც დაკავშირებით და ამბობენ, რომ მერია სუბიექტურად წყვეტს, ვინ და რა თანხით უნდა დააფინანსოს.
ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს.
„კარგია, როცა ბიუჯეტი იზრდება, მივესალმები, მაგრამ ეს ბიუჯეტი შემდეგ გადანაწილებული რომ იყოს თბილისელების საჭიროებებზე, უკეთესი იქნებოდა. გაზრდილ ბიუჯეტში ვერ ვხედავთ, რომ მემანქანეების პრობლემა იყოს გათვალისწინებული, არადა თუნდაც იმ ნახევარი მილიონი ლარით, რომლითაც სარეზერვო ფონდი იზრდება, თავისუფლად შესაძლებელი იყო ამ ადამიანების დაკმაყოფილება. რაც შეეხება სარეზერვო ფონდს, ამ ფონდიდან, ფაქტობრივად, წესის გარეშე იხარჯება თანხა და მერია სუბიექტურად წყვეტს, ვინ დააფინანსოს და ვინ არა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს უმრავლესობაში. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ნახევარი მილიონი ლარი არ არის საკმარისი მემანქანეების დასაკმაყოფილებლად, რაც შეეხება სარეზერვო ფონდს, მისი განმარტებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურების გამო ფონდი დაცარიელდა და ის შევსება სჭირდებოდა.
„თითოეულ მოქალაქეს დღეს შეუძლია, მოითხოვოს სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილი. მიმდინარე წელს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაახლოებით ფონდიდან 700 000 ლარზე მეტი გაიცა. ფორსმაჟორი კიდევ რომ დადგეს, ამიტომ დაცარიელებულ სარეზერვო ფონს სჭირდება შევსება“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.