თბილისის მერიის ბიბლიოთეკების გაერთიანება პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ბიბლიოთეკებს 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკების შევსება/განახლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის მემორანდუმი გაფორმდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება უსასყიდლოდ 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრებენ.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გუგა მირიანაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურა წერეთელი.