სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესვლას ნებართვის გარეშე შეძლებენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესვლას ნებართვის გარეშე შეძლებენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლას და დაკავებულ პირებთან შეხვედრას შეძლებენ.

აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უწყებებს შორის შეთანხმება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოზე იქნა მიღებული, რის შემდეგაც იგი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამოქმედდა.

„განხორციელებული ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას, შემაფერხებელი პროცედურების გარეშე დაკავებულ პირებთან შეხვედრას, მათ მიერ მიღებული დაზიანებების დროულ ფიქსაციასა და დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეუფერხებლად შესვლის წესის ამოქმედებას წინ უძღოდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ „პატიმრობის შესახებ“ კოდექსში შეტანილი ცვლილება, რამაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს უფლება მისცა, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შევიდნენ, შეხვდნენ პატიმრებს და მოახდინონ მათ საჩივრებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ცალკეული სამოხელეო დანაშაულის პრევენციის სპეციალური საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის 2023 წლის 26 იანვარს გაფორმდა, ხოლო საბჭოს პირველი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს გაიმართა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში, სახელმწიფო უწყებებთან კორდინაციითა და თანამშრომლობით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილებისა და მასზე ეფექტური რეაგირებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.