შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
მორეცხვის სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს, თავის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასა და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტოთან, დავით ფაჩულიასთან ერთად ფარნავაზ მეფის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე და მელიქიშვილის გამზირზე დაესწრო.
„„Თბილსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს. ამჟამად ვიმყოფებით დიდ დიღომში, ასევე, გლდანსა და მელიქიშვილის გამზირზე ირეცხება ქუჩები და სუფთავდება ურნები. ეს პროცესი მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, თუ ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ნალექი არ არის. ყოველ ღამით ირეცხება ქუჩები და გამზირები სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ეს სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება. იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.