თბილისის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დაუბრკოლებლად მიმდინარეობს
კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს. კინოსეანსზე მოქალაქეები დაუბრკოლებლად შევიდნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ამასთან, „ამირანის“ მოპირდაპირე მხარეს ფილმის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სადაც დეკანოზმა დავით ისაკაძემ პარაკლისი აღავლინა.
როგორც აქციის მონაწილე ალექსანდრე ფალავანდიშვილმა აღნიშნა, ფილმი არის ადამიანის სიძულვილით შექმნილი.
„ფილმი შექმნილია ბოროტის შთაგონებით, რადგან როდესაც შენ აკეთებ პროპაგანდას ამ დიდი ცოდვის, ეს არის სიძულვილი ადამიანის. ჩვენი აქ გამოსვლა არის ადამიანის სიყვარულით მოტივირებული. თავიდანვე განვაცხადეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილი იყო, აღგვეკვეთა კინოჩვენება, ეს უნდა გაგვეკეთებინა ისე, რომ ფიზიკურად არავინ არ დაგვეზიანებინა და ამის გამო, არც ერთ ჩვენგანს პოლიციის კორდონებთან ხელი არ მოუქნევია. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა, რომ მშვიდობიანი ფორმით შევსულიყავით და გაგვეთიშა კინოჩვენებები. ეს ვერ შევძელით. დიდი კორდონი იდგა, დღესაც პოლიცია დგას. მთავრობასაც ვეუბნებით და ყველას, რომ მზად ვართ, თუ პოლიცია არ იქნება, ნებისმიერ დროს აღვკვეთოთ ეს კინოჩვენება, ოღონდ ისე, რომ არც ერთ მოქალაქეს ფიზიკური დაზიანება არ მივაყენოთ“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.
ამასთან, სასულიერო პირებმა პარაკლისი ასევე აღავლინეს „გალერია თბილისის“ შესასვლელთან. კინოთეატრ „კავეაში” ფილმის ჩვენება ასევე ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.