თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორები „საქართველოს ფოსტას“ უყურადღებობაში ადანაშაულებენ
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს ფოსტასთან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფოსტის მიერ გამოჩენილი უყურადღებობის გამო, ფესტივალი ფინანსურად დაზარალდა. ფესტივალის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ფოსტას არც ბოდიში მოუხდია და არც ზარალის ანაზღაურება შეუთავაზებია.
ასევე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მომავალში მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს საქართველოს ფოსტასთან, თუ ფოსტის მომსახურების ხარისხი ამაღლდება და ის უფრო გულისხმიერად მოეპყრობა საკუთარ კლიენტებსა და პარტნიორებს.
„გასული წლის 12-13 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა ისარგებლა საქართველოს ფოსტის EMS სერვისით და გაგზავნა 29 ამანათი (ფილმების ციფრული ვერსიები) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გზავნილების დიდი ნაწილი ფოსტის რეგლამენტის მიხედვით, ჩაბარდა ადრესატებს, ანუ 10 სამუშაო დღის ვადაში. პრობლემური აღმოჩნდა ხუთი გზავნილი (17%). მათგან ოთხი უკან დაუბრუნდა ფესტივალს დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ხოლო ერთი გადაეცა ადრესატს ორი თვის დაგვიანებით. დაბრუნებული ფილმები ფესტივალმა ხელმეორედ გაგზავნა უფრო სანდო კომპანიის მეშვეობით. ოთხივე გზავნილი 2-3 დღის ვადაში უპრობლემოდ ჩაბარდა ადრესატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კინოფესტივალის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ფოსტას რომ დროულად ეცნობებინა ფესტივალისთვის შექმნილი სიტუაციის შესახებ, მოიძიებდნენ ალტერნატიულ გზებს და გზავნილების უკან დაბრუნებაც არ გახდებოდა საჭირო.
„ვინაიდან, ინფორმაცია ძალიან დიდხანს ვერ მივიღეთ, ჩვენ გზავნილები დაკარგულად ჩავთვალეთ და გამოვთქვით პრეტენზია საქართველოს ფოსტის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ასევე, ერთ-ერთმა კომპანიამ ჩვენგან მოითხოვა ფილმების ახალი ასლების დამზადება, რაც 1600 ევრო დაგვიჯდებოდა“, -ნათქვამია კინოფესტივალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.