თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 32 პაციენტი გადის, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას გაცხადებით, ორმხრივი პნევმომია აღენიშნება ახალ პაციენტსაც, რომელიც კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს.
„დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ჩვენთან დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იგივეა. წუხელ შემოსული პაციენტის მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია. ამ ეტაპზე კლინიკური მონაცემებით დაავადება არ პროგრესირებს, კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებით ჯერ მხოლოდ მძიმე ორმხრივი პნევმონია დასტურდება. სხვა მონაცემებით გართულეა ჯერ არ გვაქვს.“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ამირან გამყრელიძის განცხადებას ვირუსის შიდა გადაცემის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ალბათ ინფიცირების წყარო ვერ იქნა მოძიებული.
„წყაროს მოკვლევა გრძელდებოდა. ალბათ ვერ იქნა მოძიებული წყარო და ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე ალბათ, ბატონმა ამირანმა გამოაცხადა, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შესაძლებელია, ვილაპარაკოთ შიდა გადაცემაზე“, – განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ შვიდი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.