ზურაბ აზარაშვილი - ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ, რადგან იქ არიან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც თვალსაჩინო მაგალითია სხვადასხვა კლინიკებისთვის
ზურაბ აზარაშვილი - ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ, რადგან იქ არიან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც თვალსაჩინო მაგალითია სხვადასხვა კლინიკებისთვის

ცალკე აღებული ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც თვალსაჩინო მაგალითია სხვადასხვა კლინიკებისთვის, როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ინფექციონისტი ქვეყანაში და მასთან არის მუდმივი კომუნიკაცია.

„თენგიზ ცერცვაძე ჩართულია უშუალოდ ინფექციის კონტროლის კუთხით თავის თანამშრომლებთან ერთად, იმ კონტროლის წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითიც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ ადგილზე. ის უშუალოდ საქმის კურსშია, რომელ კლინიკაში რა ვითარებაა ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ჩვენ ყოველთვის ვნახულობთ დროს, რომ პერიოდულად კონსულტაციები გვქონდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გუშინაც შეხვდა თენგიზ ცერცვაძეს და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ასეთი საუბრები ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს, ყოველ მეორე, მესამე დღეს ჩვენ ვხვდებით, ის მიზიარებს თავის აზრს, კონსულტაციას მიწევს სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია და ასე გაგრძელდება. ინფექციური საავადმყოფო, როგორც ბატონი თენგიზი, ასევე თავისი თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, ასევე იმ ჯგუფებში არიან, რომელებიც დადიან და კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხით ამოწმებენ. ცალკე აღებული ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც თვალსაჩინო მაგალითია სხვადასხვა კლინიკებისთვის, როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები“, – განაცხადა აზარაშვილმა.