თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის გადაცემულ შენობაში სამუშაოები წლის ბოლოს დამთავრდება, ეს იქნება სერიოზული შენაძენი ჩვენი ცენტრისთვის და სახელმწიფოსთვის
თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის გადაცემულ შენობაში სამუშაოები წლის ბოლოს დამთავრდება, ეს იქნება სერიოზული შენაძენი ჩვენი ცენტრისთვის და სახელმწიფოსთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის შარშან სექტემბერში გადაცემულ ახალ შენობაში სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები დაიწყება ორ კვირაში და დამთავრდება წლის ბოლოს.

ცერცვაძის განცხადებით, ეს იქნება ძალიან სერიოზული შენაძენი როგორც ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.

„ყველას ნანახი გაქვთ ალბათ ის შენობა, ფაქტობრივად, ყველაზე კარგი ფაქტურის შენობაა, ყველაზე მეტად გათვლილი და მორგებული თანამედროვე სამედიცინო დაწესებულების საჭიროებაზე. იცით, ჩვენთან კლინიკების პრივატიზაციის ხარისხი საკმაოდ მაღალია, დაწერილი და დაუწერელი კანონია, რომ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სულ მცირე თითო ფედერალური საკვანძო სპეციალობების ჰოსპიტალი. ეს არის ერთი მრავალპროფილიანი ჰოსპიტალი, როგორიცაა ჩვენი რესპუბლიკური ჰოსპიტალი, ასევე სახელმწიფომ დაიბრუნა პირველ რიგში, ინფექციურ დაავადებათა ჰოსპიტალი, რადგან ყოველ წუთში მოდის ცნობები ახალი, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების რისკის თაობაზე. განსაკუთრებით საშიში ინფექციები თუ აღმოცენდება და შემოაღწევს საქართველოში, მისი მიმღები აუცილებლად უნდა იყოს ინფექციური საავადმყოფო. დღევანდელ პირობებშიც კი, როდესაც ჩვენ იჯარით აღებულ ფართში ვმუშაობთ და გარკვეულწილად შევიწროებული ვართ, ეს არის სრულფასოვანი ბოქსირებული განყოფილება. სრული ბოქსებია, სადაც შეიძლება, მოთავსდნენ განსაკუთრებით საშიში ინფექფიებით ავადმყოფები. ლაპარაკი არაა კოვიდზე, ის არაა განსაკუთრებით საშიში ინფექცია, ის თავისი სოციალური მასშტაბებითაა საშიში. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში გაჩნდეს მართლაც განსაკუთრებით საშიში ინფექციები, რომლის კერები მსოფლიოში აქა-იქ მუდმივად ჩნდება, ინფექციური საავადმყოფო უნდა იყოს ის ჰოსპიტალი, რომელიც ასეთ პაციენტებს მიიღებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოსთვის შესაბამისი შენობის მოძებნა ძალიან რთულია და ეს წლების განმავლობაში ვერ გაკეთდა. ცერცვაძის განმარტებით, შარშან სექტემბერში გადაეცათ ახალი შენობა, რომელიც ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს შეესაბამება.

„სახელმწიფო მფლობელობაში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ინფექციური საავადმყოფო, ყველაზე უკეთესი. წლების მანძილზე ვერ მოიძებნა შესაბამისი შენობა. ძალიან რთულია, ინფექციურ საავადმყოფოს ისეთი ნორმატივები აქვს, რომელიც არ აქვს არც ერთ სხვა კლინიკას. ლაპარაკია ბოქსირებულ განყოფილებაზე და სპეციალურ სავენტილაციო სისტემებზე, ასეთი შენობა ვერ მოიძებნა, რატომ – არ ვიცი. ამას ჩვენ არ ვეძებდით, სამინისტრო და მთავრობა იძიებდა. მას შემდეგ, რაც მოძიებული იქნა, შარშან სექტემბერში გადმოგვეცა ახალი შენობა, რომელიც ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებითაა. ამის შემდეგ რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი და ტენდერში არც ერთი კომპანია არ შემოვიდა, პასუხისმგებლობა ვერ აიღეს ინფექციურის ნორმატივების შესრულებაზე. ახლა ვინ აკეთებს, არ ვიცი. რამდენადაც ვიცი, ჯდება 20 მილიონი ლარი. ამ წელს სახელმწიფო „ავერსს“ იჯარის საფასურს გადაუხდის, ახალ ხელშეკრულებას აფორმებენ ერთი წლით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.